ადამიანს როდესაც ეუბნებიან, რომ არ აქვს საკუთარ სახლში თავისუფლად მისვლის უფლება, ძნელი მისთვის ამის გაგება და შეგუება. მინდა ვისაუბრო იმ ადამიანთა სახელით, რომლებსაც საერთო ტკივილი, აფხაზეთი გვაერთიანებს. უნდა ვთქვა ჩემი გულის ტკივილი, ფიქრები რასაც იწვეს დღევანდელი იქ არსებული მდგომარეობა.
ის უფრო გაიგებს ჩემს ფიქრებს, ვინც ოდესმე მაინც ყოფილა აფხაზეთში და უგრძვნია შიში. შიში იმისა, რომ ვიღაც დაიჭერს, უფროსობას დაუწყებს და თავისუფლებას შეუზღუდავს საკუთარ კუთხეში.
არ იქნება სწორი რომ გითხრათ: -"იცი, მე აფაზეთში წავედი", რადგან ამას წასვლას ნამდვილად ვერ დავარქმევ. მართებული იქნება ვთქვა: -"ჩემს კუთხეში ჩუმად შევიპარე".
მახსოვს, როდესაც პატარა ვიყავი ერთი სული მქონდა როდის წავიდოდი სოფელში, ვნახავდი ბებიასა და ბაბუას, შევიგრძნობდი იქაურ ჰაერს. პატარა ვიყავი და იმდენად ვერ ვხვდებოდი რა სიძნელეებთან იყო დაკავშირებული იქ ჩემი ჩასვლა. სახლში მისულს ყურში ჩამესმოდა ერთი და იგივე ფრაზა Aდამხვედრების: -"შვილო თქვენს მოსვლამდე ნერვიულობისაგან ლამის მოვკვდით, როგორ მოახერხეთ მოსვლა და რუსებისგან თავის დაღწევა?"...ეს სიტყვები გონებაში ჩამრჩა.
გავიზარდე,თუმცა ბევრი არაფერი შეცვლილა… მინდა წავიდე ჩემს ტკბილ მოგონებებით სავსე ადგილას, მაგრამ "არ მაქვს უფლება"! თუმცა თავს არც იმის უფლებას ვაძლევ, რომ მივატოვო იქ წვალებით ჩაღწევა და ხელის ჩაქნევით უარი ვთქვა ჩემს მიწა-წყალზე.
ერთ დგეს, როდესაც სულში აფხაზეთის მონატრება ვიგრძენი, გადავწყვიტე გაპარვა კიდევ ერთხელ გამერისკა.როდესაც საზღვარს მივუახლოვდი, მესმის ტელეფონზე ზარია და მამაჩემის სიტყვები: - “ფეხი არსად გაადგა, თორემ რუსები დგანან და დაგიჭერენ".მაინც არ დავნებდი და მივადექი წყალს, რომელიც ფეხით უნდა გადამერბინა. იქ დიდი ალბათობაა იმისა, რომ სიჩქარეში ფეხი აგებნას ან დაგიცურდეს თუ ზამთარია გაგეყინოს. ვგრძნობდი ტკივილი, მაგრამ რაღაც ძალა არ მაძლევდა დანებების უფლებას. ამ ერთხელაც გადავურჩი დაჭერას და ჩავაღწიე სახლში შიშგამოვლილმა...
რამდენი რისკი, რამდენი ტანჯვა, ცრემლების ღვრა, ქალების ქვითინი, პატარების ტირილი, მოხუცების ოხვრა უნახავს ჩემს თვალებს. არასოდეს დამავიწყდება, ერთხელ, ზუგდიდში უნდა წამოვსულიყავი სწავლის გამო, დადგა ისევ "გაპარვის" დრო. მოვდიოდი და თითოეულ წინ გადადგმულ ნაბიჯში ვგრძობდი თუ როგორ ნელ-ნელა ვშორდებოდი სახლ-კარს და თანდათან მიპყრობდა შიში, რომ მე იქ ვეღარასდროს დავბრუნდები… მოვდივარ და რას ვხედავ.... დაბეჩავებული, განადგურებული, შავებში ჩაცმული ქალი მუხლქვეშ ჩავარდნოდა რუსს და ევედრებოდა, რომ საძღვარზე გაეშვა, რათა წამლები ეყიდა თავისთვის. ღმერთო! არასოდეს დამავიწყდება ქალის საცოდავი სახე და რუსის უხეში მოქცევა, დაუნდობლობა, მკაცრი უარი და ხელის კვრა. ეს იმდენად დამამცირებელი და ძნელად ასატანი იყო ჩემთვის თითქოს გულში რაღაც ჩამწყდა… ძნელია უსამართლობასთან შეგუება… დედას ჩავჭიდე ხელი და მაგრად მოვუჭირე, რომ მომეთმინა და არ მიმეფურთხებინა სულში რუსისთვის. პირველად მაშინ ვიგრძენი ზიზღი და მათ მიმართ, თვალები ცრემლებით ამევსო, მონდოდა მოხუც ქალთან მივსულიყავი და მასთან ერთად მეტირა...
ქართველი ადამიანის სული იმდენად მებრძოლი და ძლიერია, რომ ადვილად არასდროს ნებდება. ადამიანს გაჭირვება ძალას ჰმატებს. ვინ მოთვლის რამდენი ნერვებისა და ჯანმრთელიბის ფასად უჯდება იქ მცხოვრებთ ჯერ ჩასვლა და შემდეგ იქაურ პირობებთან შეგუება.
არ შემიძლია არ მოგიყვეთ ამბავი, რომელიც მდინარე ენგურზე მოხდა.ზაფხულის ერთი დღე იყო, მორიგი სახიფათო დღე ჩემს ცხოვრებაში,უნდა ჩავსულიყავი სოფელში. რადგან ზაფხული იყო გადავწყვიტე გავპარულიყავი წყლით და გადავსულიყავი მალულად ფონით. სანამ წყალში შევალ ათასი ზარია ჩემს ტელეფონზე, ნათესავები მარიგებენ,მირჩევენ სიფრთხილეს და მეხმარებიან რითაც შეუძლიათ..ისინი ამ დროს ენგურს მიღმა არიან და მელოდებიან .ძალას მმატებდა ჩემი ძმა, რომელიც ჩემს გვერდით იყო და მამშვიდებდა:-”ნუ გეშინია,ამ ერთსაც გავუძლებთ ერთად და სულ მალე ისევ შევძლებთ ჩვენს მიწა-წყალზე თვისუფლად სიარულს. შევდივართ წყალში და ათასი აზრი მიტრიალებს თავში, მინდა უცებ გადავლახო ზღვარი,მაგრამ შიში მერევა… ღვთის წყალობით ამ ერთხელაც დავაღწიეთ თავი და შევძელით ჩასვლა. იქაური ჰაერის სუნმაც კი ყველაფერი დამავიწყა, გულში სითბო ჩამეღვარა. გვხვდება მამიდა და ბიძა, რომლებიც ბუნებრივია ანერვიულებულები არიან და ჩვენს დანახვაზე ამოისუნთქეს. ჩვეულებრივ, ყოველ ჩვენს მისვლაზე ასე ხდება, თუმცა შევამჩნიე რომ რაღაც რიგზე ვერ იყო… და აი, თურმე რა.. მამიდაჩემი ტერიტორიის შესამოწმებლად იყო გამოსული, რომ დარწმუნებულიყო რუსი არსად იყო და უცებ რას ხედავს, წყალში რაღაცა ტივტივებს.ნელნელა უახლოვდება და რწმუნდება, რომ ეს ადამიანის გვამია. გაირკვა, რომ მსხვერპლი მამაკაცი ცდილობდა საძღვრის გადაკვეთას და უცებ ძაღლების ხმა შემოესმა, ეგონა რომ რუსებმა დაიჭირეს ფაქტზე..ნერვიულობას და შიშს გულმა ვეღარ გაუძლო... გარდაიცვალა… ეს ერთ-ერთი ცოდვაა რაც რუსეთს მხრებს აწევს და სამწუხაროდ, ეს ერათადერათი ფაქტი არ არის, რომელიც დაფიქსირდა.
რამოდენიმე კვირის წინ მირეკავენ აფხაზეთში მყოფი ახლობლები და მეუბნებიან, რომ ჩემთვის ძვირასი და საყვარელი ადამიანი გარდაიცვალა. ვიგრძენი საშინელი დანაკლისი, ტკივილი და ინსტიქტურად მივედი ჩანთის ჩასალაგებლად, გონებაში გავიაზრე, რომ უნდა წავსულიყავი. უცებ უკან გავიხედე ცრემლიანი თვალებით და მივხვდი, რომ ვერსადაც ვერ წავიდოდი. დავკარგე ძალადა შევიძინე კიდევ ერთი მიზეზი მათი სიძულვილისა. ვიგრძენი ორმაგი ტკივილი: ძვირფასი ადამიანის დაკარგვა და უუფლებობა ,უსამართლობა .ღმერთო! განა სხვას უნდა ვთხოვოთ და ვევედროთ ძვირფასი ადამიანისთვის ცრემლების დაღვრა? ან როდემდე არ უნდა გვაცალონ ტკივილის ამონთხევაც კი შეზღუდვების გარეშე....?!
რომელ ახალგაზრდას მოუნდება იქ ცხოვრება განა ღირს იცხოვრო იქ ,სადაც ენის თავისულებას, სიცოცხლის უფლებას გართმევენ. ბავშვობაში, როდესაც ვთამაშობდი ბაშვებთან ერთად, ერთი სული მქონდა შაბათ-კვირა როდის მოვიდოდა, რომ მშობლიურ მიწაზე ბავშვურ მოგონებებთან ერთად მეტრიალა, ახლა კი ის სანატრელი შაბათ-კვირა ჩემთვის აღარ არსებობს და არა ჩემი სურვილით, არამედ იძულებით! ცხოვრებასა და უბრალოდ სუნთქვას შორის კი დიდი განსხვავებაა.....
Комментариев нет:
Отправить комментарий